კორონავირუსის შემთხვევების ზრდასთან ერთად, შესაძლებელია ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები გამკაცრდეს. ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ მოქალაქეები უკვე დაწესებულ რეგულაციებს ზედმიწევნით არ შეასრულებენ.
„აშკარად იკვეთება უკვე ეპიდემიოლოგიური სურათის გაუარესების ნიშნები. ამ კვირის და მომდევნო კვირის მანძილზე მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ის ზომები, რაც არის, დამატებითი შეზღუდვების გარეშე აღსრულდეს. შემდეგ, ბუნებრივია მოგვიწევს ისევ ეპიდემიური სურათიდან გამომდინარე საუბარი, რამდენად საჭიროა ადგილობრივ დონეზე გარკვეული შეზღუდვები, თუნდაც ლოკალიზაციის მიზნით რომელიმე დასახლებულ პუნქტში, რომ მოხდეს გარკვეული ლოკალური შეზღუდვა მობილობის შეზღუდვის სახით, მგზავრობის შეზღუდვაზე მაქვს საუბარი, მაგრამ ჯერჯერობით მკაფიო ცხელი წერტილები, გარდა იმ ერთეული კერებისა, რომელიც იყო და სადაც აქტიური ტესტირება მიმდინარეობს, ამ დროისთვის ასე ცნობილი არ არის.
მაგრამ, დღეს, კიდევ ერთხელ, მნიშვნელოვანია აღსრულება იმ ზომების, რაც უკვე დაწესებულია, თუ გაუარესდა სურათი, რა თქმა უნდა შესაძლოა მოგვიხდეს ისევ დავუბრუნდეთ იმ მექანიზმებს, რომელიც აქამდე იყო გამოყენებული,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.











