„ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის დროს გვერდითი რეაქციები ნაკლები სიხშირით გამოვლინდება ასაკობრივ ჯგუფში (≥65 წელს ზემოთ)“,- ამის შესახებ „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca-ს) საქართველოს წარმომადგენლობა საქართველოს პირველი არხისთვის გამოგზავნილ წერილში აცხადებს.
კომპანიაში ამბობენ, რომ მეგი ბაქრაძის საკითხის მოკვლევა რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებაა და მოკვლევის შედეგების შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს.
„ახლა ათობით მილიონმა ადამიანმა მიიღო ჩვენი ვაქცინა მთელს მსოფლიოში. „ასტრაზენეკას“ მიერ ორგანიზებულ კლინიკურ კვლევებში მონაწილეების რაოდენობა გახლდათ 60 000. ამჯერად აქცენტირებულ თრომბოზულ მოვლენებზე: აღსანიშნავია, რომ კვლევის დროს მათი გამოვლენა ვაქცინირებულ ჯგუფში უფრო დაბალი იყო საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. რაც შეეხება ისეთ გვერდით რეაქციებს როგორიცაა: თავის ტკივილი, მომატებული ტემპერატურა, კუნთების ტკივილი, ნანემსარის შეშუპება, სიწითლე, ტკივილი – ეს მიეკუთვნება ვაქცინაციისათვის დამახასიათებელ მოვლენებს, საშუალო სიმძიმისაა და შექცევადია რამდენიმე დღეში. მნიშვნელოვანია, რომ ეს რეაქციები ნაკლები სიხშირით გამოვლინდა ასაკობრივ ჯგუფში (≥65 წელს ზემოთ). ორი დიდი კლინიკური კვლევის და რეალურ მტკიცებულებათა (RWE) მონაცემები აჩვენებს მის უსაფრთხოებას და ეფექტურობას, ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაქცინის როლი საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისის დროს“,- ნათქვამია წერილში.











