აჭარის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების განცხადებით, გია აბულაძე, ლევან ვარშალომიძე, მიშა ბოლქვაძე და გიორგი კირთაძე არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. დეპუტატობის კანდიდატები განცხადებით უსკო-ს დღეს მიმართავენ.
ასევე, მიმართავენ ამომრჩეველსა და მხარდამჭერებს, არ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე.
„მივმართავთ და მოვუწოდებთ, ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს მხარდამჭერს მეორე ტურში არ მივიდნენ, იმიტომ, რომ არჩევნები გაყალბდა.
რაც შეეხება სირცხვილის დერეფნებს, გიდასტურებთ, რომ იქნება, მაგრამ გაკეთდება იმ ადამიანებისთვის, ვინც გააყალბა ეს არჩევნები. ამის შესახებ ხვალ დილით ყველა ოპოზიციური პარტია შევჯერდებით და დეტალებს მოგახსენებთ.
კიდევ ერთხელ მივმართავთ მოსახლეობას და ვეუბნებით, არ მიიღონ მეორე ფარსში მონაწილეობა. 31 ოქტომბერი იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოს განვითარებისთვის, მაგრამ ქართულმა ოცნებამ დემოკრატია საბოლოოდ დამარხა.
ჩვენი მოთხოვნები უცვლელია, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები ახალი ადმინისტრაციის პირობებში და გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი. აქცია გრძელდება და ვიქნებით მანამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











