დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პირველმა გაიკეთა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
„გუშინდელი ინფორმაციით, დაახლოებით 100- მდე პირი იყო რეგისტრირებული, თუმცა დღეიდან ველოდებით ამ ინტენსივობის გაზრდას. ვაქცინის უსაფრთხოება არის აბსოლუტურად დაცული, ვინაიდან ეს გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინა. ის აკმაყოფილებს ხარისხის, ეფექტურობისა და უსაფეთხოების ყველა სტანდარტს. დღეს დაიწყო სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია. ჩვენ მივეცით მაგალითი. ვთვლით, რომ ეს გახლავთ ერთადერთი იარაღი პანდემიის დასრულებისა. მოვუწოდებთ პერსონალს უფრო მეტი აქტივობისაკენ”- განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
შეგახსენებთ, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი – ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ)
პირველ ეტაპზე აიცრება ის პერსონალი, რომელთაც ბოლო 120 დღის მანძილზე არ უფიქსირდებათ კორონავირუსზე ინფიცირების სტატუსი.
აჭარაში აცრების ჩატარება შესაძლებელი იქნება ცხრა სამედიცინო პუნქტში, რომელთაგან ოთხი ბათუმში, ხოლო ხუთი მუნიციპალიტეტებში მდებარეობს. აჭარის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის პროცესი 17 მარტიდან დაიწყება.
აჭარამ „ასტრაზენეკას“ 3980 დოზა ვაქცინა მიიღო. აცრა ნებაყოფლობითია.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











