აჭარის მთავრობის სახლთან ე. წ „თავისუფლების კვარტალში დღეს ოპოზიციური ერთობის საინფორმაციო მიტინგი გაიმართა.
ოპოზიციური პარტიების ლიდერების ინფორმაციით, დღეიდან პროტესტის არეალი გაიზრდება და მსგავსი „თავისუფლების კვარლტალი” იქნება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში და მათი მთავარი მიზანი მოსახლეობასთან მჭიდრო ურთიერთობა და საპროტესტო აქციების ორგანიზება იქნება.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, არჩევნების გაყალბებამ და ხელისუფლების არასწორმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა.
„დღეს მოსახლეობას უკიდურესად უჭირს, ადამიანები სამუშაო ადგილებს ყოველდღიურად კარგავენ, ბიზნესი ურთულეს მდგომარეობაშია, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულება, რომელიც რეგიონის მთავარი დამსაქმებელია, სახელმწიფო ვალი იზრდება და აღებული კრედიტები ჩინოვნიკების ჯიბეებში მიედინება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ბრძოლა ყველა მუნიციპალიტეტში გავშალოთ, მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში დავეხმაროთ, კორუფციას და ნეპოტიზმს ვებრძოლოთ, ხელისუფლება ვაიძულოთ მოსახლეობასა და ბიზნესს დაეხმაროს, რათა სამუშაო ადგილები არ დაიკარგოს და სიღარიბე არ გაიზარდოს. სწორედ ამ მიზნით პარტიები ვთანხმდებით: „თავისუფლების კვარტალი“ ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნება, მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში დავეხმარებით, საერთო გეგმით ყველა დასახლებაში მივალთ, სოფელში მოსახლეობას ადგილზე რომ დავეხმაროთ და ხალხი მნიშვნელოვანი ცვლილებებისათვის გავაერთიანოთ, რამაც შესაბამისად განვითარება უნდა მოიტანოს. ბრძოლას კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ საერთო ძალებით გავნაგრძობთ, ყველა ფაქტს გავასაჯაროებთ და ზეწოლას გავზრდით, რომ შესაბამისი რეაგირება მოხდეს. არალეგიტიმურ ხელისუფლებას ვაიძულებთ პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლოს, საარჩევნო კანონმდებლობა შეცვალოს, ცესკო და უსკო დემოკრატიული წესით დაკომპლექტდნენ და ხელახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს”- განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.
შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიცია აჭარის მთავრობის სახლთან, ე.წ. „თავისუფლების კვარტალში” ხელახალი არჩევნების მოთხოვნით უკვე 70 დღეა 24 საათიან რეჟიმში აქციებს მართავს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











