აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებმა შეშის ნაძვის ხე მიიტანეს. როგორც „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე მილორავა აცხადებს, ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებენ თბილისელ თანამებრძოლებს, რომლებიც პარლამენტთან აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს და მათ პოლიცია შეშის შეტანისა და გათბობის საშუალებას არ აძლევს.
„დღეს თბილისიდან შემოგვიერთდნენ მებრძოლები, ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს და ამ ადამიანებს პოლიცია არ აძლევს საშუალებას, რომ შეშა შეიტანონ იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი მართავენ საპროტესტო აქციას. ეს ადამიანები რჩებიან ელემენტარულად გათბობის გარეშე მთელი ღამის განმავლობაში, მაშინ, როდესაც ყინვაა.
ამიტომ ჩვენ სიმბოლურად მთავრობის სახლთან, იქ სადაც პოლიცია დგას, მივიტანეთ შეშის ნაძვის ხე და ვუცხადებთ სოლიდარობას ჩვენს თბილისელ თანამებრძოლებს. ეს ნაძვის ხე იქნება აქ მანამ, სანამ ჩვენი პროტესტი არ დასრულდება გამარჯვებით და ამ ადამიანებს არ მიეცემათ საშუალება, შეძლონ ღამით შეშით გათბობა“,- აცხადებს ალექსანდრე მილორავა.
შეგახსენებთ, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია აჭარის მთავრობის სახლთან 33-ე დღეა აქციას მართავს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











