ქაბული დაეცა. ამ დროისთვის ავღანეთს პრაქტიკულად სრულად თალიბანი აკონტროლებს. მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან გამოსვლის თარიღი დაანონსა, მსოფლიო ალაპარაკდა თალიბანისგან მომდინარე საფრთხეებზე.
აშშ-ის ჯარების გაყვანის პროცესის პარალელურად, თალიბანი ეტაპობრივად ყველა საკვანძო ქალაქს იკავებდა. 15 აგვისტოს ქაბულში შევიდა და ქალაქის გარეუბნების დაკავება დაიწყო. იმავე დღეს კი პრეზიდენტის სასახლეშიც შევიდა.
იმ დროს, როდესაც თალიბანი ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს, ერთადერთი პროვინცია, რომელიც თალიბების კონტროლს არ ექვემდებარება პანჯშირის პროვინცია, იგივე ხუთი ლომის ხეობა, სადაც თალიბანისადმი წინააღმდეგობის გასაწევად ემზადებიან.
პანჯშირის პროვინცია ლეგენდარული მებრძოლის, აჰმად შაჰ მასუდის მშობლიური მხარეა. პანჯშირის ლომად წოდებულ აჰმად შაჰ მასუდის მშობლიურ მხარეში იმყოფებიან ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი და თალიბანის სხვა მოწინააღმდეგენი, ისინი, ვინც უარს აცხადებენ დანებებაზე.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პენჯშირის პროვინციაშია “ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის” ლიდერი, ლეგენდარული აჰმად შაჰ მასუდის ერთადერთი ვაჟი აჰმადი, რომელმაც, რამდენიმე დღის წინ „ვაშინგოტონ პოსტზე” წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ის პროვინციის თალიბებისგან დაცვის მზაობას გამოთქვამს: „მე დავიცავ პანჯშირს, როგორც ავღანეთის თავისუფლების უკანასკნელ ბასტიონს”.
ამრიგად, პანჯშირში გამაგრებული არიან ყველა ის პოლიტიკური თუ სამხედრო აქტორები, რომლებმაც ქვეყნის თალიბებისთვის დათმობაზე უარი განაცხადეს.
რაც შეეხება ლეგენდარულ მებრძოლს, აჰმად შაჰ მანსუდს, ის ავღანელი კომუნისტების და საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის ლიდერი იყო და სწორედ მშობლიურ პანჯშირში იყო გამაგრებული, რომლის აღებასაც ცდილობდნენ ჯერ საბჭოელები, მათი ქვეყნიდან გასვლის შემდეგ კი, თალიბანი, მაგრამ მათი ყველა მცდელობა მარცხით სრულდებოდა.
1996 წლიდან მასუდი სათავეში ედგა “ჩრდილოეთის ალიანსს”, ოფიციალურად ცნობილი როგორც ავღანეთის გადარჩენის გაერთიანებული ისლამური ფრონტი, რომელიც ავღანეთში თალიბანის მმართველობას ეწინააღმდეგებოდა.
მასუდი 2001 წელს, 11 სექტემბრის ტერაქტებამდე 2 დღით ადრე, ალ-ქაიდას აგენტებმა მოკლეს.
“თალიბანისა და ალ-ქაიდას ბრძანებით მისი მკვლელობის მომენტამდე მამაჩემი იბრძოდა ავღანეთის ბედისთვის, მაგრამ ასევე იბრძოდა დასავლეთისთვის. ახლა, ჩემი სამშობლოსთვის ამ ბნელ და დაძაბულ საათებში, ეს საერთო ბრძოლა ისეთი აუცილებელია, როგორც არასდროს.
მე დღეს გწერთ პანჯშირის ხეობიდან და მზად ვარ, გავყვე მამაჩემის ნაკვალევს იმ მუჯაჰიდ მებრძოლებთან ერთად, რომლებიც მზად არიან, კიდევ ერთხელ გაუმკლავდნენ თალიბანს – წერს უმცროსი აჰმად შაჰ მასუდი „ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებულ წერილში და იქვე აღნიშნავს, რომ მათი შეიარაღება არ იქნება საკმარისი თუ მათ დასავლელი მეგობრები არ მოამარაგებენ.
მისივე თქმით, თალიბანი მხოლოდ ავღანეთის პრობლემა არ არის და მას მიაჩნია, რომ თალიბანის პრიობებში ქვეყანა რადიკალური ისლამისტი ტერორისტების დასაყრდენი გახდება.
მაშინ, როდესაც 1996 წელს თალიბანმა მოახერხა ქაბულის დაკავება და ავღანეთის ისლამური სამირო გამოაცხადა, ერთადერთი ვინც, ავღანეთი არ დატოვა და ქვეყნის ჩრდილოეთით, პანჯშირში გამაგრდა აჰმად შაჰ მანსუდი, პანჯშირის ლომი იყო. თალიბანის დიქტატურას გამოქცეული ავღანელები, სწორედ მასუდის პანჯშირში პოულობდნენ თავშესაფარს.
ჩრდილოეთში გამაგრებული მასუდი, ხვდებოდა, რომ თალიბანზე გასამარჯვებლად მისი ძალები საკმარისი არ იქნებოდა და სწორედ მაშინ გააერთიანა ავღანელი ჰაზარები, ისმაილიტები და ტაჯიკები. ამ გაერთიანებას კი „ჩრდილოეთის ალიანსი” ეწოდა.
2001 წელს პოლიტიკურ ტურნეში მყოფი მასუდი, ავღანელი ხალხისთვის ჰუმანიტარულ და სხვა სახის დახმარებას ითხოვდა, ამასთან, მან აშშ-ი ალ-ქაიდასგან მომდინარე ტერორისტულ შეტევებსა და საფრთხეებზე გააფრთხილა.
დროის სხვდასხვა მონაკვეთში მის განეიტრალებას ცდილობდა საბჭოთა КГБ, პაკისტანური ISI, თალიბანი და ალ-ქაიდა.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებამდე 2 დღით ადრე ალ-ქაედას ტერორისტებმა ის მოკლეს.
ორი დღის შემდეგ კი მსოფლიო 11 სექტმებრის ტერაქტებმა შეძრა. იმავე წლის ოქტომბერში აშშ-ი ავღანეთში შევიდა და ქვეყნის თალიბანისგან გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო.
20 წლის შემდეგ კი, თალიბანი კვლავ ქვეყნის სათავეში მოექცა და ერთადერთი პროვინცია, რომელიც წინააღმდეგობის გასაწევად მზადააა პანჯშირია.
გაძლებს თუ არა ავღანეთის „უკანასკნელი ბასტიონი” – ამ კითხვაზე პასუხი ჯერ უცნობია.
მნიშვნელოვანია, რომ თავად ავღანეთში არსებობს ნება, რომ თალიბანის დიქტატს შიგნიდანვე დაუპირისპირდნენ და ამის მზაობა გამოიკვეთა, რამდენად იქნება მზად დასავლეთი ამ დაპირისპირებისთვის ?!











