„გულითადად გილოცავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევას და მოხარული ვარ ჩვენი თანამშრომლობით“, – აღნიშნავს ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი ვოლფგანგ სობოტკა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძისადმი მიწერილ მისალოც წერილში.
„კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევა საქართველოსაც და ავსტრიასაც უზარმაზარი გამოწვევების წინაშე აყენებს. ჩემი ღრმა რწმენით, კრიზისის დაძლევა მხოლოდ პარლამენტთა ჩართულობით არის შესაძლებელი. კოვიდ-19 არ წარმოდგენს მხოლოდ გამოცდას პარლამენტარიზმისათვის, არამედ ეს ასევე არის შანსი, რომ გავაცნობიეროთ საპარლამენტო დემოკრატიის ღირებულებები. ამ კონტექსტში, იმედს გამოვთქვამ, რომ მალე ვიხილავთ თქვენს პარლამენტში ოპოზიციასთან თანამშრომლობას“,- ნათქვამია წერილში.
ამასთან, საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ვოლფგანგ სობოტკამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქ. ვენაში, 2021 წელს დაგეგმილ პარლამენტის თავმჯდომარეთა მეხუთე მსოფლიო კონფერენციაზე მიიწვია.











