აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია. ინფორმაციას ამის შესახებ ABC News-ი ავრცელებს.
ABC News-ის ჟურნალისტმა ინტერვიუს დროს ჯო ბაიდენს ჰკითხა მიიჩნევდა თუ არა პუტინს მკვლელად.
ბაიდენმა ამაზე უპასუხა: „დიახ, მივიჩნევ.
ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები 2020 წლის საპრეზინდეტო არჩევნებში ჩარევას ეცადნენ, რის გამოც პუტინს ფასის გადახდა მოუწევს.
„ფასს, რომელსაც ის გადაიხდის, მალე ნახავთ. პუტინთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. მას კარგად ვიცნობ. დიალოგი იმით დავიწყე, რომ მას განვუცხადე: თუ გავიგებ, რომ ეს მოხდა, მოემზადეთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ცნობისთვის, შეერთებული შტატების დაზვერვამ გაასაჯაროვა დოკუმენტი, სადაც რუსეთის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შესახებაა საუბარი. 15-გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთი ავრცელებდა უსაფუძვლო ბრალდებებს მაშინდელი დემოკრატი კანდიდატის, ჯო ბაიდენის შესახებ. ამასთან, ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ ვლადიმერ პუტინი ტრამპის სასარგებლოდ არჩევნებში ჩარევას ზედამხედველობდა ან სულ მცირე ეს მისი ნებართვით ხდებოდა.











