“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის რამდენიმე წევრმა ფული გადაიხადა, რათა პარლამენტის დეპუტატი გამხდარიყო. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
„ქართული ოცნება“ ცდილობს რამენაირად მიაღწიოს თავის მიზანს, რაღაცით მაინც შეალამაზოს თავისი მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა, თითქოს, ვიღაც სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებიც შეიტყუოს, თუმცა, ნათელია, ყველამ ვიცით „ქართული ოცნების“ და „პატრიოტთა ალიანსის“ ახლობლობა და ერთიანობა. მაგრამ, ამ ვითარებაში ბოლომდე ესეც კი არ გამოსდით.
„პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური ნაწილი ზუსტად იგივე აზრზეა, რაზეც დანარჩენი ოპოზიციაა. მაგრამ, როგორც ჩანს, ის ადამიანები, რომლებმაც ფული გადაიხადეს იმაში, რომ დეპუტატები გამხდარიყვნენ, მათ მიმართ ის ნაბიჯები ვერ გადადგეს, რაც უნდა გადაედგათ. ამ მომენტამდე ჩვეულებრივად სია რომ ყოფილიყო ჩახსნილი, ეს ადამიანები ვერ მოხვდებოდნენ პარლამენტში“, – აცხადებს ბარამიძე.
როგორც ბარამიძე განმარტავს, “პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის იმ წევრებს, რომლებმაც პარლამენტის დეპუტატობისთვის გადაიხადა თანხა, პარტიაში ვერ უთხრეს „თქვენ კი გადაიხადეთ ფული, მაგრამ დეპუტატები არ გახდებით“.
„ მე ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვისაც საზოგადოება პოლიტიკური ლიდერებად იცნობს. მაგრამ, იმ ადამიანებმა, ვინც ჩვეულებრივად ფული გადაიხადეს რომ დეპუტატები გამხდარიყვნენ იმ იმედად, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ბევრად უფრო მნიშვნელოვან რეზულტატებს მიაღწევდა, ახლა იმათთან ვალში არიან. ვერ უთხრეს, რომ თქვენ კი გადაიხადეთ ფული, მაგრამ დეპუტატები არ გახდებით, ამიტომ სიის ჩახსნა დატოვეს“, – განაცხადა ბარამიძემ.









