ბათუმის 79 საუბნო-საარჩევნო ოლქში სხდომა, რომელზეც არჩევნების შემაჯამებელ ოქმს მოეწერა ხელი, ხმაურისა და აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
სხდომის დაწყებამდე ორმა დამკვირვებელმა და კომისიის ორმა წევრმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოდან“ , პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.
როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, მიხეილ კიკაბიძემ განაცხადა, არ უნდა მონაწილეობა მიიღოს ამ ცირკში.
„აჭარაში 25000 ბათილი ბიულეტენია, დაკარგულია 5600-ზე მეტი ბიულეტენი, ოქმების 75 პროცენტში ბალანსი არ ჯდება, მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო იმისთვის, რომ არჩევნების ტოტალური გაყალბება დადასტურდეს, ჩვენი პროტესტის ფონზე მოუწევთ შემაჯამებელი ოქმის შედგენა”- განაცხადა ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ.
როგორც საოლქო- საარჩევნო ოლქში აცხადებენ, პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია და ადგილი ჰქონდა გამოსწორებად ტექნიკურ შეცდომებს.
„დღეს საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმი, რომელიც დგინდება საოლქო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე.
რაც შეეხება გადათვლებს, სულ ორ უბანთან დაკავშირებით მოვახდინეთ საარჩევნო კომისიამ გადათვლა, მეცხრამეტე უბანი, რომლის შედეგებიც გადავთვალეთ საჩივრების საფუძველზე და 85- ე უბანი, რომელზე გადათვლა დაგვავალა სასამართლომ. ორივე უბნის შედეგების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ არანაირი გადაცდომა, არანაირი ზედმეტი ბიულეტენი, არ იყო არც ერთ პაკეტში ჩადებული და შედეგები დარჩა უცვლელი.
ნაწილობრივ რამდენიმე საჩივარი დააკმაყოფილა საოლქო საარჩევნო კომისიამ, მათგან უმრავლეს შემთხვევაში უარი ეთქვათ უსაფუძვლობის გამო“ – განაცხადა ბათუმის 79 ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძე.
ოლქის მიმდებარე ტერიტორიაზე გაერთიანებული ოპოზიცია აქციას მართავს. ისინი შედეგების შეჯამებას ამ ფორმით აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











