მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება ბათუმის და ქობულეთის ბულვარში დადგმულ კარვებში. ასევე, ამ ტიპის შემოწმება დაიწყო შეკვეთილშიც,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, 190 ნიმუშია აღებული, 88 უკვე გამოკვლეულია და ყველა უარყოფითია.
„ქობულეთის ორივე წერტილში, სადაც შემთხვევები გვქონდა, სიტუაცია დასტაბილურდა. კაფე „ჰავანასთან“ დაკავშირებული ბევრი ადამიანი გამოიკვლიეს და არსებული დადებითი შემთხვევის გარდა, მეტი აღარ გვქონია.
ასევე, მეორე შემთხვევა, რომელიც საოჯახო ტიპის სასტუმროსთან იყო დაკავშირებული, იქაც ბევრი კონტაქტი გამოვიკვლიეთ. ამ თვალსაზრისით მზარდი რისკი, რომ ინფექციის გავრცლება იყოს, ნაკლებია. ვფიქრობთ, რომ მოსახლეობა მშვიდად უნდა იყოს“,- განაცხადა გამყრელიძემ.











