ბათუმში საოლქო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს მიმდებარე კომერციული ობიექტის ვიტრაჟი ჩამოიმსხვრა.
შუშის ჩამსხვრევის შედეგად გავრცელებული ინფორმაციით რამდენიმე პირი დაშავდა. მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კირთაძე და “ქრონიკა პლიუსის ჟურნალისტი ხვიჩა მამულაძე.
როგორც ხვიჩა მამულაძე “პრაიმტაიმთან” აცხადებს, ის პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ოლქთან არსებული დაპირისპირების შედეგად მიწაზე წაიქცა, რა დროსაც მინა ჩაიმსხვრა და დაზიანდა.
” მიწაზე წავიქეცი ისეთი ჭყლეტა და შეხლა-შემოხლა იყო. ჩემთან ერთად რამდენიმე, ჩემთვის უცნობი ადამიანი, წაიქცა. ამ დროს გატყდა მინა და დავშავდით. ხელი და ფეხი მაქვს დაზიანებული და ახლა გადავყავარ სასწრაფოს ეკიპაჟს საავადმყოფოში. როგორც ვიცი რამდენიმე ადამიანია დაშავებული, მათ შორის შს სამიმისტროს ოპერატორი”- აცხადებს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, ბათუმის საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვა 9 საათზე ჩაინიშნა. ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ და შენობაში შესვლა მოითხოვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.











