ბათუმში მაიაკოვსკის ქუჩის 55/24-ში მდებარე ავარიული სახლის მობინადრეებმა ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს.
ისინი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას, მანამდე კი დროებითი საცხოვრებელი ფართების გადაცემას ითხოვენ.
სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა აქციაზე მერიის წარმომადგენლების გამოჩენას.
„მერიის წარმომადგენელი ვარ და ხალხთან ვცდილობ მოლაპარაკებას. როცა დავასრულებთ, ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს. პრობლემის მოგვარების გზა არის ხალხთან მოლაპარაკება, სხვა არანაირად. რომ დავასრულებთ, გეტყვით, ჯერ მათი წინადადებები არ მოგვისმენია. როგორც კი რაღაც პირობაზე შევთანხმდებით, აუცილებლად გაგცემთ ყველა კითხვაზე პასუხს” – განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა არჩილ კონცელიძემ.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, არ აპირებენ დაშლას და გზის გახსნას.
„მორიგეობით ვიძინებთ, რომ ფხიზლად ვიყოთ და თუ რამე მოხდება, იქნებ შვილების გადარჩენა შევძლოთ. იმდენად ავარიულია ეს სახლი, ყოველ წუთას შეიძლება რომ ჩამოიშალოს და ყველა დავიღუპოთ.
მოდის მერიის წარმომადგენელი, საკითხში გარკვეული არ არის, აზრზე არ არის რა ხდება და რაზე უნდა გველაპარაკოს ან პრობლემას როგორ მოგვიგვარებს. არ დავიშლებით, სხვა გზა არ გვაქვს. თუ არავის არ ადარდებს ჩვენი ბედი, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად”- აცხადებს ერთ- ერთი ადგილობრივი.
ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.
შეგახსენებთ, ავარიული სახლის მობინადრეებისთვის ბათუმის მერიის ინიციატივით კომპანია „რეალმშენმა” 2016 წელს აბუსერიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2016 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











