გუშინ ღამით ბათუმში მირიან მეფის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების დროს ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის მეხანძრე-მაშველი, რომელიც ცეცხლის ჩაქრობის დროს მეორე სართულიდან ჩამოვარდა, ის კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს. ორი დაშავებული, ცოლ-ქმარი, რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო მეოთხე, თურქეთის მოქალაქე, კლინიკა BMC- ში იმყოფება.
როგორც კლინიკა „მედინაში“ „პრაიმტაიმნიუსს“ განუცხადეს, პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.
„ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ მიყვანილი იქნა აფეთქების დროს დაშავებული ერთ-ერთი მეხანძრე. პაციენტს კლინიკაში გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ჩაუტარდა ყველა საჭირო ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევა. აღენიშნებოდა გულ-მკერდის ზედაპირული დაზიანება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილური, არ საჭიროებდა დამატებით ჩარევას, ამიტომ სამედიცინო დაწესებულებიდან გაეწერა რამდენიმე საათში“,- აცხადებენ კლინიკაში.
რაც შეეხება რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებულ ცოლ-ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კლინიკის ინფორმაციით, ქმარი უკვე გაეწერა, ქალბატონის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა.
„გუშინ ცოლ-ქმარი შემოიყვანეს, ქმარი გაეწერა უკვე. ცოლის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე. მას ძირათადად დამწვრობა აქვს მიღებული“,- განაცხადეს რეფერალურ საავადმყოფოში.
მეოთხე დაშავებული, 54 წლის თურქეთის მოქალაქე კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მას ძლიერი დამწვრობა აქვს მიღებული.
„ერთი პაციენტი შემოვიდა ჩვენთან თურქეთის მოქალაქე, ტრავმული შოკი ჰქონდა მიღებული და ისევ ჩვენთან არის, აგრძელებს მკურნალობას. მისი მდგომარეობა მძიმეა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება“,- აცხადებენ კლინიკა BMC-ში.
შეგახსენებთ, გუშინ გვიან ღამით სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარი ძლიერი აფეთქების დროს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაინგრა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











