ბათუმში, სოციალური პროექტის ფარგლებში აშენებულ ბინებში შეჭრილ მოქალაქეებთან მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი თვითნებურად შესახლებულების სიას ადგენენ და აცხადებენ, რომ შეისწავლიან მათ მდგომარეობას და შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან, იმ შემთხვევაში, თუ თვითნებურად დაკავებული ფართებს დატოვებენ.
„ნაქირავებში ვცხოვრობ, 4 თვის გადასახდელი მაქვს ქირა, ვეღარ ვიხდი, არ მაქვს საშუალება, მეუღლე გარდამეცვალა, თვითონ მე ავად ვარ, წამალი ხომ უნდა ვიყიდო. გაჭირვებამ გადამაწყვეტინა ეს საქციელი. ერთი ოთახი მინდა, ჩემი კუბო იქ რომ დაიდგას“, – განაცხადა შუშანა აბაშიძემ.
როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძემ განაცხადა, ეს ის ოჯახებია, რომლებიც წინასაახალწლოდ იყვნენ შეჭრილები.
„ასეთი შეჭრები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. ვისაც სახელმწიფოსგან დახმარება ეკუთვნის უყურადღებოდ არცერთი არ უნდა დარჩეს. აქ სოციალური კუთხით პრობლემა იყო, რომელსაც ამ სიტუაციაში ვერ მოვაგვარებთ მაგრამ რაც შეეხება ამ შენობას აქ გაჩერება, არ შეიძლება რადგან უკანონობაა.. თითოეული ოთახს თავისი ბენეფიციარი ჰყავს, რომელიც კანონის ფარგლებში უნდა შემოვიდეს და დაკმაყოფილდეს. კომენდანტის საათი დაიწყო, თუმცა მათ საცხოვრებელ სახლებში საიდანც აქ მოვიდნენ უკან დავაბრუნებთ, მაგრამ ყველა ოჯახს ინდივიდუალურად ქალაქის მერიაში და ჯანდაცვის სამინისტროში შევისწავლით”, – განაცხადა რამაზ ჯინჭარაძემ.
ავტორი; ნაირა ქობულაძე











