ბატონმა გრიგოლმა პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არ წაუღია არაფერი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
„გრიგოლ ვაშაძე რთულ პერიოდში მოვიდა ნაციონალურ მოძრაობაში. შემოიტანა ის, რის დეფიციტსაც მაშინ პარტია განიცდიდა. მისმა გამოცდილებამ და პირადმა თვისებებმა პარტიას შემატა საერთაშორისო იმიჯი და შიდა სტაბილურობა. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის მიერ ნაჩვენებ ბრწყინვალე შედეგში დიდი იყო გრიგოლ ვაშაძის პირადი წვლილი.
ბატონმა გრიგოლმა პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არ წაუღია არაფერი. არც ყოფილა ეს მისი მიზანი. კიდევ სამი წელი დადო ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობის საქმეში.
პარტიიდან მისი წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის არა. შეიძლება ზოგს არ მოეწონა ამ გადაწყვეტილების დრო, ზოგს ფორმა. არ არის ადვილი მიიღო ყველასათვის მოსაწონი გადაწყვეტილება, მით უმეტეს, პოლიტიკაში.
მადლობა ბატონ გრიგოლს ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის“, – განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გაავრცელა და ამის მიზეზები განმარტა.










