„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ის საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.
მან კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან და თქვ, რომ არჩევანი სტაბილურობას მისცა.
„საქართველო აკეთებს თავის არჩევანს. საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი განსაზღვრავს მომავალ 4 წელს.
მე ხმა მივეცი თავისუფლებას, სტაბილურობას. ვფიქრობ, რომ მოსახლეობა ამ მიმართულებას მისცემს ხმას. სტაბილური კვლევები გვაქვს ყველგან და დარწმუნებული ვარ გვექნება 55- 60 პროცენტი.
კოალიციას გამოვრიცხავ“,- თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს, თუმცა წინასწარი გამოკითხვებით, ლიდერობს მმართველი პარტია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.











