„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, პარლამენტში სამ კანონში შესატანი ცვლილებები ბიზნესს თავისუფლებას უზღუდავს. ეს კანონებია: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ და „კონკურენციის შესახებ” კანონებში შესატანი ცვლილებები
იგი აღნიშნულ კანონპროექტებს „ბიზნესის მოგუდვის კანონპროექტთა პაკეტს“ უწოდებს.
„დღეს და ხვალ, პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს სამ კანონს, რომელთაც ბიზნესის მოგუდვის კანონპროექტთა პაკეტი შეიძლება ვუწოდოთ. ესენია: ცვლილებები კონკურენციის კანონში, რომელიც ანტიმონოპოლიურ სამსახურს აძლევს ბიზნესის დაჯარიმება-დატერორების უფლებას; ცვლილებები კომუნიკაციის კანონში, რომელიც ამ სფეროს მარეგულირებელს აძლევს საკუთრების გასხვისების უფლებას მესაკუთრის ნების გარეშე;
ცვლილებები ენერგეტიკის მარეგულირებელ კანონში, რომლითაც ენერგეტიკის ზოგიერთ სფეროში მესაკუთრეს ეკრძალება საკუთარი წილის 5 პროცენტზე მეტის გაყიდვა შესაბამისი მარეგულირებელი უწყების (სემეკის) ნებართვის გარეშე. სამივე კანონპროექტი ლახავს საკუთრების უფლებას, ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და ზღუდავს ბიზნესის თავისუფლებას. ამით ამ მოწვევის პარლამენტი ასრულებს თავის საქმიანობას. ეს სამი კანონი იქნება ამ მორჩილი პარლამენტის ბოლო, ყვავის სიმღერა,”- განაცხადა გოცირიძემ.










