„ჩვენ ნამდვილი ბოიკოტი გვინდა და არ გვინდა ეს პლასტმასის ბოიკოტი. ჩემზე მკაცრი ბოიკოტის მომხრე მე იქ არ მინახავს, ოღონდ თუ მართლა ბოიკოტს ვაპირებთ. მე სულ მაგას ვიძახი: ბოიკოტზე მოგყვებით, რევოლუცია გინდათ? – მოგყვებით, ეს გინდათ? – მოგყვებით. ოღონდ მითხარით, რა გინდათ, ოღონდ გეგმა დამანახეთ, ყველაფერზე თანახმა ვარ, თუ გეგმას ვნახულობ. მაგრამ თუ გეგმას არ ვნახულობ და არათანმიმდევრულობას ვხედავ, მაშინ ვაკრიტიკებ,” – ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ “დღის კურიერში” განაცხადა.
იაგო ხვიჩიას თქმით, მას არ სჯერა, რომ ბიუჯეტიდან აღებული ფულით ოპოზიცია “ქართულ ოცნებას” დაამარცხებს.
“მე არ მჯერა იმ ბრძოლის, რომ ბიუჯეტიდან აღებული ფულით შევებრძოლებით ბიძინას და დავამარცხებთ, არასერიოზულია. ბიძინას დავამარცხებთ პრინციპულობით და იმით, რომ მართლა სერიოზულობას ვაჩვენებთ ჩვენს ზრახვებში. ერთის მხრივ ბოიკოტს ვაცხადებთ და მეორე ხელი ბიუჯეტისკენ გვაქვს გაწვდილი ან ადგილობრივ არჩევნებში ვმონაწილეობთ ქალბატონი ჟვანიას მეთაურობით, ეს დამაჯერებლად არ მესახება,”- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.










