ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ბოლოს და ბოლოს საავადმყოფოს საკუთარი ჭერი ექნება.
როგორც ის განმარტავს, ინფექციური საავადმყოფო წლების განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა.
„ამ პროცესში თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა ჩვენმა ცენტრმაც, რომელიც იყო პირველი მიმღები და შემდეგ მთავარი მიმღები კოვიდინფიცირებული ავადმყოფების. გატარებული ჰყავს ყველაზე დიდი რაოდენობა კოვიდინფიცირებული პაციენტებისა – 266, ჰყავს ყველაზე მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი და მხოლოდ ერთი გარდაცვლილი. ესეც არის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. გარდა ამისა, ეს ცენტრი, ჩვენ, პრემიერის დავალებით ვხელმძღვანელობდით, კოორდინაციას ვუწევდით მთელ პროცესს „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვისას.
აი, ასეთ დაწესებულებას არ ჰქონდა საკუთარი ტერიტორია და შენობები. იმყოფებოდა უმძიმეს მდგომარეობაში, ენით აღუწერელ პირობებში. მედიის დამსახურება ძალიან სერიოზულია იმაში, რომ მთავრობის ყურამდე მიგქონდათ ის გაჭირვება და უმძიმესი სიტუაცია, რომელშიც ეს ცენტრი მუშაობდა, ამაზე საუბრობდა უამრავი პაციენტი, რომლებიც ტელეფონით იღებდნენ სავალალო მდგომარეობას და ავრცელებდნენ მას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება კრიზისის მართვის ერთ-ერთი კომპონენტი გახდება.
„ყველას მიერ აღიარებულია დამოუკიდებლად პოლიტიკური მრწამსისა, ეთნიკური კუთვნილებისა, თუ რაღაც სხვა ინტერესებისა, რომ დღევანდელი მთავრობა ბატონ გახარიას მეთაურობით ძალიან ეფექტურად მართავს კრიზისულ სიტუაციას, ამ წარმატებული მართვის ერთ-ერთი მსხვილი კომპონენტი გახდება ან უკვე გახდა სწორედ გადაწყვეტილება, რომ ინფექციურ საავადმყოფოს ბოლოს და ბოლოს ჰქონდეს საკუთარი ტერიტორია და საკუთარი ჭერი“,- აღნიშნავს ცერცვაძე.
ცნობისთვის, თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის 40 მილიონ ლარამდე გამოიყოფა. აღნიშნული თანხით საავადმყოფო შეიძენს ან ააშენებს ახალ შენობას.











