ბრიტანელი მეცნიერები შიშობენ, რომ სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირებულმა კოვიდის ახალმა მუტაციამ, შესაძლოა, ვაქცინების ეფექტურობაზე გავლენა იქონიოს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ კოვიდის ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული ვარიანტის მუტაციები ერთმანეთს ჰგავს, მეცნიერები ამბობენ, რომ სამხრეთ აფრიკული დამატებით კიდევ ორ მუტაციას E484K და K417N-ს შეიცავს. ისინი გავლენას ახდენენ ვირუსის სპაიკ პროტეინზე, ანუ ვირუსის იმ ნაწილზე, რომელიც ეკვრის უჯრედს და მის ინფიცირებას იწვევს.
ვაქცინების ნაწილი სწორედ ამ ცილების ბლოკირებაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ მეცნიერები შიშობენ, რომ თუ ვირუსის ახალი ვარიანტები მუტაციას განაგძობენ, შესაძლოა, ვაქცინები ისეთი ეფექტური აღარ იყოს.
„სამხრეთ აფრიკული ვარიანტის ამ ორმა მუტაციამ, შესაძლოა, ვაქცინის ეფექტურობას ხელი შეუშალოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკვე არსებული კოვიდის ვაქცინები ეფექტური არ იქნება. უბრალოდ, შესაძლოა ვაქცინების დახმარებით ორგანიზმის მიერ გამომუშავებულმა ანტისხეულებმა ვერ გაანეიტრალონ კოვიდის სამხრეთ აფრიკული ვარიანტი ისე, როგორც ამას სხვა ვირუსების, მათ შორის ბრიტანული ვარიანტის შემთხვევაში შეძლებენ“,- აცხადებს ლეისტერის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ვირუსოლოგი, ჯულიან ტანგი.
მეცნიერები კორონავირუსის ახალი ვარიანტების შესწავლასა და კვლევას კვლავაც განაგრძობენ.
WHO-ს წარმომადგენლის, მარია ვან კერხოვეს განცხადებით, მეცნიერები იკვლევენ რამდენად მოახდენს ვირუსის სამხრეთ აფრიკული ვარიანტი, რომელსაც 22 მუტაცია აქვს, ზეგავლენას ვაქცინების ეფექტურობაზე.











