რა პრეტენზიებიც სააკაშვილთან მაქვს, ამას საყვედური არ ჰქვია, ეს გაცილებით უფრო მაღალი პრეტენზიაა, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთიანი ოპოზიციის პრემიერ-მინისტრის კანდიდატი სააკაშვილი თუ იქნება, მისგან ის ხმას ვერ მიიღებს.
„მე რა პრეტენზიებიც მაქვს სააკაშვილთან, ამას საყვედური არ ჰქვია, ეს გაცილებით უფრო მაღალი პრეტენზიაა. მე მასთან მაქვს აბსოლუტურად სამართლიანი და სწორი პრეტენზიები.
ამ წლების განმავლობაში პრეტენზიები არ შეცვლილა- თუ არ მოემატა, თორემ ბოლო წლებში არაფერი მოკლებია. ჯერ კიდევ 2009 წელს იმიტომ ვიდექი და ვითხოვდი სააკაშვილის გადადგომას, მიმაჩნდა, რომ პრეზიდენტმა, რომელმაც ომი წააგო, უნდა დატოვოს თანამდებობა და მას არა აქვს უფლება, გააგრძელოს ქვეყნის მართვა, მე ეს პოზიცია არ შემიცვლია, მე გავაგრძელე ბძოლა ამ წლების მანძილზე. „ქართულ ოცნებას“ ვადანაშაულებ, რომ ყველა კითხვას თავის დროზე არ გასცა პასუხი,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.











