პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ მანდატების შეწყვეტას, თუმცა როგორც კი, შეწყვეტის დღე ახლოვდება, ამბობენ, რომ არ შეუწყვიტონ, რადგან ეს იქნება დემოკრატიიდან უკან გადადგმული ნაბიჯი.
„ჯერ ჩამოყალიბდნენ, მართლა უნდათ თუ არა მანდატები შევუწყვიტოთ და შემდეგ ჩვენ ვიფიქრებთ, მივცეთ თუ არა სახელმწიფოს შანტაჟის უფლება. მათი ნებაა, შეწყვეტა მოითხოვონ, პარლამენტში შემოვიდნენ ან არა, თითოეული დეპუტატის ინდივიდუალური გადასაწყვეტია, რომელ ღილაკს მიაჭერს თითს-წითელს, მწვანეს თუ საერთოდ არ დააჭერს. თითოეულ დეპუტატს და პარლამენტს ასეთი უფლება რომ არ ჰქონდეს, კონსტიტუციაში იწერებოდა, რომ ადამიანი რომ მოითხოვა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, ავტომატურად შეუწყდებოდა და აღარ იქნებოდა კენჭისყრა საჭირო“, – განაცხადა სუბარმა.











