ჩაერთვება თუ არა საკუთარ თანაგუნდელებთან ერთად 2020 წლის მთავარ პოლიტიკურ მარათონში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, ჯერჯერობით, უცნობია. როგორც ჯაფარიძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მისი პოლიტიკური მომავალი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
„მივიღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, არ ვიცი. მე ჩემი გუნდის ერთგული წევრი ვარ. დარწმუნებული ვარ, მაქსიმალურად ჩემს ენერგიას მოვახმარ იმას, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში. დანარჩენი როგორც გუნდი გადაწყვეტს, ისე მოვიქცევი. ჯერ არაფერი ვიცი.
მე ერთი რამე ვიცი, ჩემს გუნდს გვერდით ბოლომდე დავუდგები. ვიქნები თუ არა სიაში, მნიშვნელობა არ აქვს. ჩემს ენერგიას არ დავიშურებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარლამენტში 30 მაჟორიტარი და 120 პროპორციულ სიაში შესული დეპუტატი შევა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











