„ჩვენ ლაპარაკის რეჟიმში უნდა გადავიდეთ და კარგად მოვიფიქროთ, გავიაზროთ, როგორ მივდივართ ბოიკოტზე, მართლა ბოიკოტი რომ იყოს, თორემ მე ხომ ვიცი, რომ ჩემს კოლეგებს ფულიც აქვთ აღებული, არჩევნებში აპირებენ მონაწილეობას და ბოიკოტი კი აღარ გამოდის ეს, იმ არჩევნების არცნობა გამოდის, რომლის შედეგებიც არ მოგეწონა. მე მართლა ბოიკოტი მინდა, თუ ბოიკოტზე მივდივართ“,- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, აუციელებლია ოპოზიციას ჰქონდეს გეგმა, რას აპირებს მომავალში, რადგან მეორე არჩევნებიც მოვა და იმავე ადმინისტრაციით ჩატარდება.
„ოპოზიციურ ერთობას თუ რამე შეუშლის ხელს, არის ის, რომ ოპოზიციურმა ერთობამ არ თქვას თავისი სამომავლო გეგმები. ხალხს ეუბნები, რომ არ შევდივარ პარლამენტში, უარს ვამბობ მანდატებზე, მაგრამ არ ეუბნები, მერე რას აპირებ. მერე შენი ბრძოლა რომ აღმოჩნდეს წარუმატებელი, ხალხმა ჩათვალოს, რომ ეს არ იყო სწორი, წინასწარ რომ გვქონოდა ნათქვამი და გვეფიქრა, იქნებ, სხვანაირად მოვქცეულიყავით. ჩემი აზრით, ეს ეტაპი გასავლელი გვაქვს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ბოიკოტში წავალთ, არ წავალთ, რასაც ვიზამთ, გასავლელი გვაქვს ეტაპი, რას ვშვებით იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ტიპის ბრძოლაზე გადავდივართ. ანუ – არ ვცნობთ ამ არჩევნებს, მარტო „ქართული ოცნება“ ზის, მოდის ახალი არჩევნები, მერე კიდევ ახალი, რომელიც იგივე, ძველი ადმინისტრაციით ტარდება, სანამ რამეს გააკეთებ, ბევრი კითხვაა, რომელზეც პასუხია გასაცემი, თუ ჩვენ ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლიანი ადამიანები ვართ. თუ ვართ ისეთი ადამიანი, რომელიც მხოლოდ ემოციებით თამაშობს და ახლა აღელვებულ ადამიანს ქუჩაში ბრმად მიყვება, თან არც აფიქრებს, ჩემი აზრით, ეს მცდარია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.










