საპარლამენტო ძალაუფლების გადანაწილების თაობაზე შარლ მიშელის დოკუმენტში პოზიტიური ჩანაწერი არის ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის, თუმცა ჩვენ პარლამენტში თანამდებობებისა და პრივილეგიებისთვის არ მოვსულვართ, – ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ სიით გასულმა დეპუტატმა ნიკა მაჭუტაძემ პირველ არხს განუცხადა.
„ჩვენ სხვა მიზანი გვაქვს, ეს არის ბრძოლა, მუშაობა, რომელიც პარლამენტს და ქვეყანას მოამზადებს რიგგარეშე არჩევნებისთვის. ჩვენი ინტერესის სფერო კომიტეტის თავმჯდომარეობა არ არის, არავითარი კომპლექსი არ გვაქვს. უფრო მაღალი მიზნები და ინტერესები არსებობს, რომელიც რიგგარეშე არჩევნებისთვის ქვეყნის მომზადებას გულისხმობს“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.











