„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მშვიდობა და სტაბილურობა გარანტირებულია, ხოლო ეკონომიკური განვითარებისთვის ყველანაირი პირობებია შექმნილი“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გურიაში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, სახელმწიფო რეგიონების განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.
„გუნდის სწორი პოლიტიკის დამსახურებით, გაზრდილია დასაქმება, გაზრდილია ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი და ტურისტული ნაკადები, რაც რეგიონებში თითოეული ოჯახისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
მართალია, კორონავირუსის შედეგად შექმნილი კრიზისის გამო, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის ბევრი მიმართულება დაზიანდა, თუმცა სახელმწიფომ სწორი, დაბალანსებული პოლიტიკით შეძლო ერთი მხრივ, ქვეყანაში ეპიდემოლოგიური ვითარების ეფექტურად მართვა, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური სექტორებისა და კონკრეტული სოციალური ჯგუფების ფინანსური დახმარება, მათი გვერდში დგომა და სტიმულირება.
გაკეთებული საქმეების, ბევრი განხორციელებული პროექტის მიუხედავად, გურიაში, ისევე როგორც მთელს საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, ბევრი ადამიანია, ვისაც სახელმწიფოს დახმარება სჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყოველდღიური შრომით, ერთად დგომით, ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა გამოწვევას გადავლახავთ და ყველა პრობლემა იქნება მოგვარებული, მაგრამ ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა“,- განაცხადა კახა კალაძემ.











