„ქართული ოცნება“ არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში ყოფნა გადაწყვეტილია. როგორც მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა ილია ნაკაშიძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ განაცხადა, აბაზოვის სიაში ყოფნასთან დაკავშირებით, პარტიაში საუბარი საერთოდ არ ყოფილა.
„აბსოლუტურად არასწორი ინფორმაციაა. პროპორციული სია ჯერ არ არსებობს, ის დამუშავების სტადიაშია, კონსულტაციები გავლილი არ არის ყველა სავარაუდო კანდიდატთანაც. ვფიქრობ, მან ცოტა დაჩქარებულად გააკეთა დასკვნები.
საუბარი არ ყოფილა, რომ აბაზოში, შესაძლოა, „ოცნების“ პროპორციულ სიაში იყოს და უფრო მეტს გეტყვით, ეს სია, სავარაუდოდ, სექტემბრის პირველ დეკადაში იქნება. ამიტომ დრო ძალიან ბევრი გვაქვს. შეიძლება, ვიღაცას სურვილი აქვს და თავის რენომეს იწევს ამით, ეს სხვა ამბავია, ამიტომ ნამეტანი მაგას არ დაუჯეროთ. აბაზოვთან დაკავშირებით, პარტიაში საუბარი საერთოდ არ ყოფილა“,- განაცხადა ნაკაშიძემ.
ინფორმაციისთვის, მარნეულის ყოფილმა მერმა თემურ აბაზოვმა განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციულ სიაში იქნება.
„იყო შემოთავაზება „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან და მიღებულია. დავთანხმდი, საინტერესო სამუშაო იქნება, უარი არ მითქვამს“,- განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ აბაზოვმა.
შეგახსენებთ, 2018 წლის 13 ივნისს მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბზოვი ელჩინ ალახვერდიევის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობის ბრალდებით დააკავეს, რის გამოც მან თანამდებობა დატოვა. საბოლოო ჯამში, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე










