დაღუპულებს მთელი საქართველო ვგლოვობთ, – ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე შატილის გზაზე მომხდარ საზარელ ავარიას.
„დღეს მომხდარმა საშინელმა ავტოკატასტროფამ ყველანი შეგვძრა. დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ 17 ადამიანი იმსხვერპლა.
მთელი საქართველო ვგლოვობთ დაღუპულებს. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს. სიტყვები უძლურია ასეთ დროს… ვიმედოვნებთ, რომ სამი გადარჩენილი მგზავრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან“, – წერს კალაძე.
შეგახსენებთ, შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 17, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი.
მიკროავტობუსი, რომელიც ტურისტულ კომპანიას ეკუთვნოდა, ჯერ გზაზე მოძრავ ავტომობილს დაეჯახა, შემდეგ კი სიმაღლიდან გადავარდა.











