„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „დამსხვრეული ოცნებების პარტიის“ დასამარცხებლად აუცილებელია, რომ ყველა ოპოზიციურმა ძალამ კომპრომისული ნაბიჯები გადადგას და პარტიული ინტერესები უკან გადაწიოს.
„ჩვენი გუნდის მხრიდან ველს მაქსიმალურად ვათავისუფლებთ იმისთვის, რომ სხვები შეთანხმდნენ. არ გამოვხატავთ დიდ პრეტენზიებს მაჟორიტარულ ოლქებზე ერთადერთი მიზნის გამო – განა მაგარი და ღირსეული ადამიანები არ გვყავს, არამედ იმიტომ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ შეთანხმებას“,- აცხადებს ვაშაძე.
მისი თქმით, თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის მხრიდან ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება, მათ საერთო მისწრაფებებზე მიუთითებს.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს წინაშე დგას დამსხვრეული ოცნებების პარტია, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი – ხალხს რამენაირად გამოსტაცოს თავისუფალი არჩევანი. ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა ოპოზიციის თანამშრომლობა და კოორდინაცია.
მრავალფეროვნებით ერთიანობა – ესაა ფორმულა, რომლითაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ეს შესაძლებელია, იყოს შეთანხმება. თუნდაც ის ექვსი მაჟორიტარული ოლქი, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით თბილისში, ოპოზიციურ პარტიებს შორის საერთო მისწრაფებებს აჩვენებს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჩვენს საარჩევნო სტრატეგიასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ორშაბათს ან სამშაბათს გვექნება განცხადება, რომელსაც გავავრცელებთ, მომავალ კვირაში სტარტს მივცემთ ჩვენი გუნდი საარჩევნო კამპანიას“,- განაცხადა ვაშაძემ.










