წალკაში, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. კალაძე დარწმუნებულია, რომ დამნაშავე სათანადოდ დაისჯება.
„სამწუხაროა, რომ მიწევს გამოვეხმაურო ისეთ მძიმე ფაქტს, როგორიც არის მედიაზე თავდასხმა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა. ძალადობა, დაპირისპირება, კრიტიკული აზრის მიუღებლობა ხელს უშლის ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას და აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
მედიის თავისუფლება არის ის ღირებულება, რითაც სამართლიანად ამაყობს საქართველო და არავის მივცემთ უფლებას, ამ ღირებულებას საფრთხე შეუქმნას.
წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, დამნაშავე პირი სათანადოდ დაისჯება“, – ნათქვამია კალაძის ფეისბუკ-პოსტში.
ცნობისთვის, წალკაში გამგებლის ბიძა ჟურნალისტებს თავს დაესხა.











