მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებას შევცვლით, პირველივე 6 თვეში დავასრულებთ რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ეს გზა დღემდე დაუსრულებელია, ნათლად აჩვენებს თუ რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას რუსთაველებისადმი.
„დღეს გამოვხატავთ გაბრაზებული რუსთაველების პოზიციას. მათ გაბრაზების ბევრი მიზეზი აქვთ, მაგრამ დღეს ერთ ფაქტზე გავამახვილებ ყურადღებას – ეს არის რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი გზა.
მოგეხსენებათ 2012 წელს, ოცნებას დავუტოვეთ ამ გზის პროექტი, მოძიებული თანხა და გამარჯვებული კომპანია, რომელსაც უნდა დაეწყო სამუშაოები და 2014-ში დაესრულებინა გზა. თუმცა, დღეს ეს პროექტი მიტოვებულია, არ გაკეთებულა არაფერია. მთავრობას მოსვლის დღიდან, ყოველდღიურად 6 მეტრი გზა რომ დაეგო, ეს მონაკვეთი დღეს დასრულებული იქნებოდა.
და ეს ხდება მაშინ, როცა ივანიშვილის ხუშტურის გამო – ხეების გადასატანად, 100 კილომეტრზე მეტი გზა დააგეს.
ჩვენ მზად ვართ, მას მერე, რაც ოქტომბერში შევცვლით ხელისუფლებას, ეს გზა პირველივე 6 თვეს დავასრულოთ“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.










