დავით ჭაკუას საქმეში ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ის, რომ სამართლიანობა აღდგა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„სამართლიანობა და სასჯელის გარდაუვალობის პრინციპი გულისხმობს, რომ პირი, რომელიც მძიმე დანაშაულშია მსჯავრდებული, პასუხი უნდა აგოს, სასჯელი უნდა აღსრულდეს. ამ ექსტრადირებით ფაქტია, რომ სამართლიანობა აღდგა.
მეორე მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ გერმანიის სასამართლომ წერტილი დაუსვა და ის ეჭვი გააქარწყლა, რომელიც ამ ადამიანის მიმართ იყო, რომ თითქოს საქართველოში მისი ექსტრადირების შემთხვევაში, მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ იქნებოდა გამოყენებული და შესაძლოა, ის პოლიტიკური ნიშნით ყოფილიყო პასუხისგებაში მიცემული. გერმანიის სასამართლომ ყველა საკითხი შეისწავლა და ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარდგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი მიიჩნია სანდოდ, არ გაიზიარა ამ ადამიანის ეს თითიდან გამოწოვილი პოზიცია.
შესაბამისად, ეს არის ორმაგად მნიშვნელოვანი, როდესაც ერთი მხრივ, აღდგა სამართლიანობა და მართალია შეყოვნებით, მაგრამ სასჯელის აღსრულება დაიწყო, მეორე მნიშვნელოვანი მომენტი კი არის ის, რომ გერმანიის სასამართლო დაეყრდნო იმ მტკიცებულებით სტანდარტს, რომ გადმოეცა ეს ადამიანი საქართველოსთვის და სამართალი აღსრულებულიყო“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით, გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუას ექსტრადიცია გუშინ, 3 ივლისს განხორციელდა.
წამებისთვის ძებნილი დავით ჭაკუა გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს









