2006 წლის ე.წ. ციხის ბუნტისა და 2012 წლის ციხის სკანდალური კადრების საქმეებზე ბრალდებულ პირთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პროკურორმა, გიორგი მუჯირმა განუცხადა.
მისი თქმით, გენერალური პროკურატურა ამ საქმეებზე ძიებას აგრძელებს.
„დავით ჭაკუას ბრალდების ორივე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, არსებობს გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც კვლავ გრძელდება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება.
რა თქმა უნდა, თუ შეიკრიბება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების ის სტანდარტი, რაც საკმარისია კონკრეტული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, იქნება მიღებული გადაწყვეტილება. შესაძლებელია, ის პირთა წრე, რომელიც მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში, გაფართოვდეს“, – განაცხადა გიორგი მუჯირმა.
ცნობისთვის: არაერთ მძიმე დანაშაულში ბრალდებული – დავით ჭაკუა ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 23 მარტიდან იძებნებოდა.
44 წლის დავით ჭაკუას ბაჩო ახალაიასთან, რეზო ჭარბაძესა და მეგის ქარდავასთან ერთად ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირებაში, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა.
გარდა ამისა, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ჭაკუას მხილებულია პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციასა და მოწმეზე ძალადობაში.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ 2012 წლის 17 სექტემბერს ზურაბ ადეიშვილმა ციხის სკანდალური კადრების გავრცელებამდე, სწორედ ჭაკუას დაავალა გლდანის ციხეში წინასწარ შერჩეული პატიმრების მიმართ დამცირების, წამების, ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ორგანიზება და ამ ფაქტის ვიდეოგადაღება, რათა სკანდალური კადრების მოსალოდენლ გავრცელებამდე საზოგადოებას შექმნოდა აზრი, რომ ისინი დაკვეთით იყო გადაღებული.











