ზეწოლა არ ყოფილა და ვინც მიცნობს, ამ შეკითხვას არც იკადრებს და არც მაკადრებს, – ასე უპასუხა დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტების კითხვას, ოპოზიციის ნაწილის მოსაზრებაზე, რომლის თანახმადაც, „ოცნების“ ერთპარტიულ პარლამენტში შესვლა ნიშნავს „ქართულ ოცნებაში“ შესვლას.
„დასანანია, მაგრამ ფაქტია და თქვენც დამეთანხმებით, მივეჩვიეთ – ყველას ამას არ ვაკადრებ, მაგრამ ზოგიერთი ოპოზიციონერი თავის მოსაზრებაზე აგებული არგუმენტებით ხელმძღვანელობს და შემოაქვს ესა თუ ის მოსაზრება, როგორც მთავარი და როგორც ფაქტებზე დაფუძნებული. ჩემი შინაგანი რწმენით, მე არ ვიყავი პოლიტიკოსი და ყოველთვის საბუნებისმეტყველოდან მოვდივარ, აკადემიიდან და ტექნოლოგიებიდან. ყველაფერი საჭიროა იყოს არგუმენტებზე აგებული. მე არ მიმაჩნია, რომ თქვენ მიერ ნათქვამი, თქვენს მიერ გამოთქმული ინფორმაცია ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ ნათქვამ ფრაზაზე აუცილებლად აღსაქმელია ან უნდა შესრულდეს. მას აქვს თავისი აზრი, ჩვენ გვაქვს ჩვენი აზრი“, – განაცხადა ზილფიმიანმა.











