ამ წუთებში აჭარის მთავრობის სახლთან, ე. წ. „თავისუფლების კვარტალში“ გაერთიანებული ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ და ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, „ქართული ოცნება“ რუსული მეთოდებით, ძალმომრეობით ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას და ამის თვალსაჩინო მაგალითია ენმ-ის ოფისის შტურმით აღება.
მათივე განცხადებით დღეს დედაქალაქის პარალელურად ბათუმში იმართება მხარდამჭერი აქცია, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას და არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა შეუერთდნენ თბილისში მიმდინარე აქციას რეგიონებიდან, რათა დაასრულონ „ქართული ოცნების“ მმართველობა.
„თუ კი ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარებოდა, დღევანდელმა დღემ აჩვენა ამ ე.წ. ხელისუფლების სახე. დღეს ხომ მელიას დაჭერა არ იყო ამბავი. მნიშვნელოვანი ამბავი იყო ის, რომ ხელისუფლებამ ოკუპაციის 100 წლისთავზე თქვა, რომ ვბრუნდებით უკან. ვბრუნდებით საბჭოთა იმპერიაში, ვბრუნდებით რუსეთის ორბიტაზე. ამის იქეთ გზა არ არის. ეს არის ის ნაბიჯი, რომლის მერე არ ვიცი როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა მშვიდად გააგრძელოს ცხოვრება და ტელევიზორის ყურება. რაც შეიძლება ბევრი ადამიანი სასწრაფოდ უნდა გამოვიდეს გარეთ და ვაიძულოთ ეს ხელისუფლება მოშორდნენ ხელისუფლებიდან. სხვა გამისავალი აღარ არის დარჩენილი“ – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კირთაძემ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
აქციის მონაწილეები სცენიდან მოუწოდებენ პოლიციელებს, გაიხადონ ფორმა და ხალხის მხარეს დადგნენ.
დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 21 აქტივისტი დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
ნიკა მელიას დაკავების ფაქტის შესახებ დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც.
ყველა ინფორმაცია ნიკა მელიას საქმეზე ნახეთ ამ ბმულზე


ავტორი: ნაირა ქობულაძე











