„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ოპოზიციური პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნის საკითხზე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, თუ ფულს ოპოპარტიები არ მიიღებენ, „ გაიფლანგება კორუფციაში“.
„კიდევ ერთხელ პარტიების დაფინანსების წუხილზე:
- ეს არ არის მხოლოდ საპარალამენტო საქმიანობა, პოლიტიკური პარტიას პარლამენტის გარეთ უამრავი ფუნქცია აქვს, რომელიც ქართული ოცნების და ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ;
- ნუ ვაფიქრებინებთ ოცნებას და მის პროპაგანდას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მხოლოდ მას და მის გაზულუქებულ ბიუროკრატებს ეკუთვნის. მოქალაქეების ფულია და სხვა წყარო ოპოზიციურ პარტიებს ამ ფინანსურ რეპრესიებში სამწუხაროდ ვერ ექნება;
- ამ ფულს ოპოპარტიები თუ არ მიიღებენ – გაიფლანგება კორუფციაში.
- თავისთავად, დაფინანსების სისტემა რომ სრულყოფილი არ არის ეს პრობლემაა, თუმცა ძალიან მძიმე რეალობაში ვცხოვრობთ. მიგვიტაცა რეჟიმმა და ყველა ბერკეტი მის წინააღმდეგ გამოსაყენებელია.
და მნიშვნელოვანი: ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი ჰქონდეს, პარტიას, მოქალაქეს.. ერთმანეთის საწინააღმდეგოც“, – წერს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, 25 ნოემბერს, დაფინანსების თაობაზე ცესკოს წერილობით მიმართა: „ქართულმა ოცნებამ“, „ევროპული საქართველომ“, „ნაციონალური მოძრაობამ“ და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში შემავალმა: – „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „პროგრესი და თავისუფლება“, „რესპუბლიკური პარტია“ და „ევროპელი დემოკრატები“. ასევე, „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ და „კანონი და სამართალი“.
ცნობისთვის, დარჩენილი პარტიებიდან ერთ-ერთმა, „პატრიოტთა ალიანსმა“ დღეს უკვე მიმართა ცესკოს დაფინანსების მოთხოვნით.
რაც შეეხება დანარჩენ ოთხს – „ლეიბორისტულ პარტიას“, „მოქალაქეებს“, „გირჩსა“ და „ლელოს“ – მათაგან ბუნდოვანია ლეიბორისტების და ლელოს პოზიცია. „მოქალაქეები“ და „გირჩი“ დაფინანსების მოთხოვნას ამ დრომდე კატეგორიულად გამორიცხავენ.









