ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულს, გიორგი მამალაძეს ხვალ გამოსაკვლევად საავადმყოფოში გადაიყვანენ.
როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მისი ძმა, თორნიკე მამალაძე აცხადებს, ადგილზე გადაწყვეტენ, დატოვონ თუ არა სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკაში.
მისივე თქმით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
„საავადმყოფოში ხვალ გადაიყვანენ ეს გეგმიური შემოწმება არ არის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. ის პარალიზირებულია უკვე წელიწადი და რვა თვეა,“- განუცხადა „პრაიმტაიმს“ თორნიკე მამალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირდა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.
დეკანოზი სასამართლომ 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დეკანოზს ბრალი გადაუკვალიფიცირდა და მამა გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში უცვლელად დატოვა.











