დღეს ქვეყანაში აპარატზე მხოლოდ 34 პაციენტი იმყოფება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, სასუნთქი აპარატების კუთხით, ჯანდაცვის სისტემა მომზადებულია.
„საქართველოში არის საკმარისი სასუნთქი აპარატი და გარდა იმისა, რომ ის საკმარისი იყო ჯერ კიდევ თებერვალში, სახელმწიფომ მაინც შეისყიდა უახლესი აპარატები, რომლებიც უფრო მეტად ეფექტურად მართავენ კოვიდს. ჩვენ უკვე ასზე მეტი აპარატი გვაქვს შეძენილი და ეს აპარატები გადანაწილებულია მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც იმართებიან მძიმე პაციენტები. აქვე მინდა დავძინო, რომ დღეს საქართველოში გვყავს მხოლოდ 34 პაციენტი, რომელიც აპარატზე იმართება.
ზოგადად, კოვიდის პროტოკოლით არ არის რეკომენდირებული და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გადაგვყავს ჩვენ პაციენტები მართვით სუნთქვაზე. აქედან გამომდინარე, ეს არ არის ის საკითხი, რომელზეც შეიძლება დაისვას გარკვეული კითხვები, ჯანდაცვის სისტემა ამ მხრივ არის მზად, მაგრამ მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსიც. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა კვლავ გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადე, დაიცვან ჰიგიენური ნორმები და სოციალური დისტანცია,“- განაცხადა მინისტრმა.











