გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ეკატერინე ტიკარაძის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება.
როგორც დავითაშილი ამბობს, ტიკარაძეს განსაკუთრებით რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა.
„პანდემია არის გამოწვევა როგორც მთავრობის ყველა წევრისთვის, ასევე განსაკუთრებით ჯანდაცვის სექტორისთვის, თუმცა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ის რჩება პოლიტიკური გუნდის ნაწილად და აგრძელებს პარტიაში მოღვაწეობს. ეს მისასალმებელია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ შეკრული გუნდი და ამ გუნდის ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები მუდმივად ხდება, მათ შორის პანდემიის დროს ჯანდაცვის მინისტრი ძალიან ბევრ ქვეყანაში შეიცვალა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ გადადგომის შესახებ გუშინ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ის თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკურ საქმიანობას და ჯანდაცვის რეფორმებზე მუშაობას ამჯერად, პარტია “ქართულ ოცნებაში” გააგრძელებს.











