ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ კოვიდგადატანილებისთვის მუდმივ „მწვანე“ სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეიცვლება. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ის რეგულაცია, რომელიც ქვეყანაში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება, საზოგადოების საჭიროებების მიხედვით არის მიღებული.
„ეს ყველაფერი არის გამოწვეული იმით, რომ ჩვენ გვესაჭიროება მოქნილობა ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებასთან მიმართებაში. ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესს, ასევე დავაკვირდებით საზოგადოების აღქმას და დამატებით გადაწყვეტილებებს კიდევ მივიღებთ საბჭოზე.
კოვიდგადატანილების სოციალურ აქტივობებთან დაკავშირებით მსოფლიოში ჯერჯერობით არ არსებობს გარკვეული მოდელი, თუ რა შეიძლება გადაწყდეს ათვლის მომენტად, რომ მათ აქვთ გადატანილი (ვირუსი) ან რა რაოდენობის ანტისხეულები შეიძლება, მივიჩნიოთ იმ ანტისხეულების რაოდენობად, როდესაც მათ არანაირი რისკი არ აქვთ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დაველოდოთ იმ ინფორმაციას, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოიპოვებს, ასევე ის ექსპერტები, რომლებიც ჩვენთან ერთად თანამშრომლობენ. თუ მათი მხრიდან იქნება გარკვეული რეგულაციები და ასევე ნიშნული, რაც შეიძლება განისაზღვროს ამ პასპორტის მინიჭების საშუალებად, ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.