რიგაში დღეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იხსნება. მის ფარგლებში სპეციალურ სესიაზე საქართველო და უკრაინა არიან მიწვეული. რიგაში მხოლოდ ეს ორი ასპირანტი იქნება წარმოდგენილი.
ამ გადაწყვეტილებას ქართული მხარე პროგრესის აღიარებად და მჭიდრო თანამშრომლობის დადასტურებად აფასებს. მინისტერიალში მონაწილეობას დავით ზალკალიანი მიიღებს. უფრო კონკრეტულად- მინისტერიალის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს კოლეგა მინისტრებს.
ასევე დაგეგმილია დავით ზალკალიანის ორმხრივი შეხვედრები წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იქნება.
მოკავშირეები ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მოისმენენ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე მათ ხედვებს და იმსჯელებენ როგორც რეგიონალური, ასევე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ამ ქვეყნების წვლილზე.
მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეები ასევე განიხილავენ საქართველოსა და უკრაინის მიერ ალიანსში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს.











