საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ბრიუსელში ნატოს სამიტის ჩატარებას ეხმაურება.
როგორც ზალკალიანი ამბობს, მას სამიტზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი აქვს.
„მაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ დეკლარაციის ტექსტი არის ძალიან კარგი და მასში ასახულია ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას ნატოში ინტეგრაციის კუთხით აქვს.
ჩვენს ყველა პარტნიორთან ჩატარებული ინტენსიური სამუშაოს შედეგად, ბოლო პერიოდის მაღალი დონის ვიზიტები მაქსიმალურად გამოვიყენეთ, რომ საქართველოს თემატიკა და მისი პროგრესი ნატოს სამიტის დღევანდელ დეკლარაციაში შესაბამისად ასახულიყო. მაქვს მოლოდინი, რომ განმეორდება ბუქარესტის სამიტის ტექსტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოს წევრი. რამდენიმე საათში, ალბათ, ტექსტს თქვენც იხილავთ.
რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, ძალიან მკაფიო გზავნილები იქნება. ხაზგასმით იქნება აღნიშნული, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანებისთვის. ასევე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ყურადღება იქნება გამახვილებული შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე. ანუ, ჩვენი ყველა პრიორიტეტი აისახება სამიტის დეკლარაციაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.











