„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, დღევანდელმა დღემ და აქციამ დაადასტურა ის, რომ ქართველი ხალხი არამხოლოდ აღიარებს, არამედ იწონებს კიდეც არჩევნების შედეგებს.
„მოქალაქეების დათვლა, რა თქმა უნდა, არ არის სწორი და ჩვენ თითოეული ამ ადამიანის მიმართ გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, თუმცა, როცა პოლიტიკური პარტიები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, იქ აქციაზე მოქალაქეების რაოდენობას ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ადამიანების რაოდენობის დაფიქსირება.
შესაბამისად, დღევანდელმა დღემ და აქციამ დაადასტურა ის, რომ ქართველი ხალხი არამხოლოდ აღიარებს, არამედ იწონებს კიდეც არჩევნების შედეგებს. ქართველ ხალხს უნდა ჯანსაღი ადამიანები პოლიტიკაში და არა ისეთები, რომლებიც დღეს გამოდიოდნენ მაგალითად ტრიბუნიდან. ქართველ ხალხს უნდა მშვიდობა, სტაბილურობა, წინსვლა და განვითარება.“ – განაცხადა კობახიძემ.











