ბრიტანეთის მთავრობამ COVID-19-ის მეორე ტალღასთან დაკავშირებით საკარანტინო წესების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დაწესდება, რომლებიც მომდევნო 6 თვის განმავლობაში ძალაში იქნება. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ახალი ზომების მიხედვით, ოფისში მომუშავე პირებმა მუშაობა დისტანციურად უნდა გააგრძელონ, თუკი არ არის აუცილებლობა, რომ დასაქმებულმა სამსახურში იაროს.
ხუთშაბათიდან პაბები და რესტორნები ვალდებული იქნებიან, მუშაობა 22:00 საათზე დაასრულონ.
მომსახურების სფეროს წარმომადგენლებისთვის სავალდებულო გახდება პირბადის ტარება. ასევე, მგზავრები ვალდებული იქნებიან, ტაქსით მგზავრობის შემთხვევაში პირბადე ატარონ.
ქვეყნის მაშტაბით, 15 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალული იქნება. ასევე, პირველი ოქტომბრიდან დახურულ სივრცეებში გუნდური სპორტული სახეობების ღონისძიებები აიკრძალება და კვლავ გაურკვეველია, როდის შეძლებენ გულშემატკივრები მოედნებზე დაბრუნებას.
პირბადის ტარების რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა 200 ფუნტი სტერლინგით განისაზღვრება.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მოსახლეობას მოუწოდა სახლიდან გააგრძელონ მუშაობა, რათა კორონავირუსის გავრცელების შემცირება მაქსიმალურად მოხდეს.
ჯონსონმა ასევე გააფრთხილა პარლამენტის დეპუტატები, რომ თუ ისინი ახლა მხარს დაუჭერენ კარანტინის წესებს, მოგვიანებით მათ წესების კიდევ უფრო გამკაცრება არ მოუწევთ.











