„მე იმედს ვიტოვებ, რომ გაითვალისწინებს საზოგადოების დაკვეთას ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დღეს არ არის პარლამენტში და შემოვლენ“,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, პარლამენტში შესვლა, საზოგადოების დაკვეთაა.
„დღეს ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ მოგვიწია სრული შემადგენლობით დასწრება პირველ სხდომაზე. ოპოზიცია არ ჩანს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ისინი შემოვლენ, ეს ქართული საზოგადოების დაკვეთაა, ვის მოწონს, ვის არ მოწონს საზოგადოების გადაწყვეტილება, საზოგადოების გადაწყვეტილებაა, ის უნდა შესრულდეს.
მე იმედს ვიტოვებ, რომ გაითვალისწინებს საზოგადოების დაკვეთას ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დღეს არ არის პარლამენტში და შემოვლენ, პარლამენტი გააგრძელებს მრავალპარტიული შემადგენლობით მუშაობას“,-განაცხადა ხუნდაძემ.
ამასთან, კითხვაზე, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული მინისტრთა კაბინეტის წევრების დანიშვნა, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს:
„თქვენ ჩქარობთ და დაეძებთ სკანდალს. ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე და პარტიის თავმჯდომარე საკადრო გადაწყვეტილებაში პოლიტსაბჭოსთან ერთად რომ ღებულობს მონაწილეობას, არ უნდა იყოს უცხო“,- აღნიშნა ხუნდაძემ.
მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო. სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშილმა გახსნა.
პარალელურ რეჟიმში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს ხელს აწერენ.











