დრო და დრო, მათი გზავნილი, ჩემი აზრით, გაიმრუდა, გაიბლარა და ისე დაილექა საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილში, რომ ის ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ ნამახვანჰესის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, წინააღმდეგები არიან ჰესების მშენებლობის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„ეს უფრო მეტად უნდა იყოს ახსნილი საზოგადოებისთვის მათი მხრიდან, მეტი სიცხადე უნდა შეიტანონ, იმიტომ, რომ, ერთის მხრივ, საპროტესტო აქცია, რომელიც იმართება ამა თუ იმ ქალაქში, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ არ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი იმის ხარჯზე, რომ საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ და ხვალ და ზეგ და 3-4 წელიწადში ქვეყანა აღმოჩნდეს აბსოლუტურად განაიარაღებული და ბოლომდე დამოკიდებული, ენერგეტიკული თვალსაზრისით, მტრულად განწყობილ სახელმწიფოზე.
ამიტომ, აქ ოქროს შუალედი არის დასაცავი და ის, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით იმ აქციებზე, სადაც იმართება ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციები, ამასაც აქვს თავისი ახსნა იმიტომ, რომ მკაფიო გზავნილები უნდა იყოს წარმოდგენილი ორგანიზატორების მიერ. ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობა და სხვა ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა და ლიდერი ამ ქვეყანაში ვერასოდეს დაუჭერს მხარს, რომ სახელმწიფო, ადრე თუ გვიან, გახდეს დამოკიდებული რუსეთის ენერგეტიკაზე,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.










