პანკისის ხეობის სოფელ დუისში მომხდარი დაპირისპირების დროს დაზარალებულ ახალგაზრდას, თელავის საავადმყოფოდან დღეს გაწერენ.
კლინიკის ექიმის, გურამ წაქაძის ინფორმაციით, პაციენტს ტვინის შერყევის დიაგნოზი აქვს.
„თვითდინებით შემოვიდა. ჰქონდა საერთო სისუსტე და თავბრუსხვევა. როგორც თავად გადმოგვცა, არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. თუმცა კომპიუტერული ტომოგრაფიით, მას ტვინის შერყევა დაუდგინდა. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, დღეს, სავარაუდოდ, გაეწერება“, – განაცხადა წაქაძემ.
შეგახსენებთ, დაპირისპირება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და მატანში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა.
ჩხუბის შედეგად, ნაცემია ორი მამაკაცი, მათ შორის ერთი, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმა, ანზორ მაჩალიკაშვილი, რომელიც ინციდენტის მონაწილე არ ყოფილა.
გუშინ, სოფელ მატნის ახალგაზრდობამ, პანკისის ხეობისაკენ მიმავალი გზა გადაკეტა და დუისელებისაგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
მთელი დღის განმავლობაში, ორი სოფლის წარმომადგენლებს შორის, მოლაპარაკების პროცესში, ჩართულები იყვნენ ხეობის უხუცესები და კახეთის სამხარეო პოლიცია.
რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ, ახალგაზრდები, შერიგების პროცესის დაწყებაზე შეთანხმდნენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











