ძალიან კარგი იქნებოდა ხელისუფლებას პასუხისმგებლობა გამოეჩინა და პრემიერი ბრიუსელში ხელმოწერილი შეთანხმებით წასულიყო და არა ცარიელი ხელებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკება თვეების განმავლობაში ვერ გაიწელება.
„გუშინდელი დღისა და „ოცნების“ განცხადებების შემდეგ, რომლითაც პრაქტიკულად, დაგვიანონსეს, რომ მოლაპარაკებები უნდა შეწყდეს, დანიელსონი დარჩა საქართველოში და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რაც დღეს მისგან მოვისმინეთ, რომ ეს დარჩენა არ არის მხოლოდ ერთდღიანი და ის მზად არის იმუშაოს მხარეებთან ერთად მანამ, სანამ შეთანხმება არ იქნება მიღწეული.
ყველას გვესმის, რომ არსებობს გონივრული ვადები და ეს მოლაპარაკება თვეების განმავლობაში ვერ გაიწელება. კარგია, რომ მინიმუმ უახლოესი დღეების განმავლობაში გვექნება საშუალება გავაგრძელოთ მუშაობა და გვექნება შანსი შეთანხმების გზით გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან. მთავარი, რაც ამ შეხვედრაზე მოვისმინეთ, გახლდათ სწორედ ეს, რომ მოლაპარაკებები არ სრულდება, და უფრო მეტიც, დანიელსონი აქ იქნება მანამ, სანამ მხარეები შეთანხმებამდე არ მივლენ ან რომელიმე მხარე ღიად არ განაცხადებს, რომ მას არ სურს შეთანხმება.
რაც შეეხება გონივრულ ვადებს, ეს ხელოვნური შეზღუდვები და ვადები არ უნდა იყოს. საღი აზრის ფარგლებში ყველას გვესმის, რომ დღეს პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში და საქართველო-ევროსაბჭოს სხდომა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბუნებრივი ვადა, როცა ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. პროცესი უნდა დასრულდეს კონკრეტულ ვადებში, მაგრამ ის, რომ არ აქვს ხელოვნური შეზღუდვა, რომ გუშინ ღამე უნდა დასრულებულიყო, როგორც ეს „ოცნებამ“ დაგვიანონსა ან დღეს უნდა დამთავრდეს, ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ეს გვაძლევს შანსს, რომ ეს ბოლომდე მივიყვანოთ“, – განაცხადა ბაქრაძემ.









